
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ეხმაურება 10 მაისს, ტვ პირველის ეთერში, გადაცემა “რეაქცია”-ში, არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
პირველ რიგში გვინდა განვაცხადოთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ისეთივე ტრაგედიაა ექსპერტიზის ბიუროს თითოეული თანამშრომლისთვის და ექსპერტისთვის, როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
რამდენიმე განმარტება გვინდა გავაკეთოთ ექსპერტიზის პროცედურებთან დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით ხშირად და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საზოგადოების მიერ ისმის კითხვები თუ რატომ არ მზადდება „პირველადი“, „შუალედური“ დასკვნები.
ექსპერტის დასკვნა არის სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის (ექსპერტის) მიერ შესაბამისი კვლევის ჩატარების საფუძველზე მომზადებული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც პასუხს იძლევა ექსპერტის წინაშე დასმული კითხვების თაობაზე. აღნიშნული კი შესაძლებელია მხოლოდ საჭირო კვლევების სრულად დასრულების შემთხვევაში. ექსპერტიზა ტარდება დამკვეთის მიერ წარმოდგენილ მასალაზე დაყრდნობით. ამდენად, არ არსებობს „პირველადი“, „შუალედური“ ექსპერტის დასკვნები. ექსპერტიზის პროცესში საჭირო კვლევების სრულად დასრულების და გაანალიზების შემდგომ მზადდება ექსპერტის დასკვნა. ექსპერტის დასკვნის დასრულების შემდგომ დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დაინიშნოს დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზა.