სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 2004 წელს შეიქმნა და მას შემდეგ, დროთა განმავლობაში წამყვან საექსპერტო დაწესებულებად ჩამოყალიბდა მთელს რეგიონში.
ბიურო აღჭურვილია ულტრა-თანამედროვე ტექნოლოგიებით, სადაც დანერგილია კვლევის უახლესი მეთოდები. ლაბორატორიები აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და დაკომპლექტებულია მაღალ-კვალიფიცირებული პერსონალით. ბიურო მუდმივად ახორციელებს ექსპერტების პროფესიულ გადამზადებას მსოფლიოში სხვადასხვა დარგის წამყვან საექსპერტო დაწესებულებებში.
ბიურო აკრედიტირებულია ISO17025:2010-ი სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად და ჩვენი საქმიანობა ხორციელდება საექსპერტო საქმიანობის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. განმეორებითი აკრედიტაცია ISO17025:2010-ის სატანდარტის შესაბამისად ბიურომ გაიარა 2017 წელს მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2011 წლიდან ბიურო არის ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI სრულუფლებიანი წევრი. მიღებული აკრედიტაციები ადასტურებს, რომ ბიუროში დანერგილი ხარისხის სისტემა არის გარანტი ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევის მაღალი ხარისხის სტანდარტის.
ბიურო ასევე აქტიურად თანამშრომლობს ისეთ მოწინავე და წარმატებულ საექსპერტო და პროფესიული გადამზადების საერთაშორისო ცენტრებთან როგორიცაა: ნიდერლანდების სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტი (NFI), სტამბულის სასამართლო მედიცინის საბჭო (ATK), ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიურო (GBI), თურქეთის ჟანდარმერიის სასამართლო ექსპერტიზის დეპარტამენტი (JKDB), ნიდერლანდების სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის აკადემია (NFI Academy) და კანადის ბრიტანული კოლუმბიის იუსტიციის ინსტიტუტი, აშშ-ს სასამართლო სამედიცინო ექსპერტთა ეროვნული ასციაცია (NAME) და სხვა. ასევე აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს საერთაშორისო ლაბორატორიებისა და ექსპერტთა გაერთიანებასთან სამშენებლო მასალების, სისტემების და სტრუქტურების სფეროში RILEM.
არსებული თანამშრომლობის ფარგლებში რეგულარულად მიმდინარეობს დაგროვილი გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა, საინფორმაციო-გაცნობითი ვიზიტები, კონფერენციები და სპეციალური ტრენინგ პროგრამები.
ასევე, ხაზგასასმელია, რომ ლაბორატორიების საქმიანობის მუდმივი მონიტორინგის მიზნით მუდმივად ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო ლაბორატორიათაშორის ტესტირებებში, სადაც შედეგების მიხედვით საუკეთესო პოზიციები გვიკავია.
ბიუროს სერვისებით სარგებლობენ, არა მხოლოდ სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, არამედ კერძო სტრუქტურები, არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები. ჩვენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საექსპერტო მომსახურებასაც უზრუნველვყოფთ, მათ შორის განსაკუთრებით ხშირია მოთხოვნა აღმოსავლეთ ევროპისა და მეზობელი ქვეყნების მხრიდან.