სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

საქმიანობის სფეროში შედის 500-მდე ტრადიციული და არატრადიციული დარგის ექსპერტიზის სახეობა და დასაქმებულია 400-ზე მეტი მაღალკვალიფიცირებული პერსონალი.

ლაბორატორიების საქმიანობის მუდმივი მონიტორინგის მიზნით, ბიურო მუდმივად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ლაბორატორიათაშორის ტესტირებებში, სადაც შედეგების მიხედვით საუკეთესო პოზიციებს იკავებს.

ბიურო აკრედიტირებულია ISO17025-ი სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად და საქმიანობა ხორციელდება საექსპერტო საქმიანობის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. მიღებული აკრედიტაციები ადასტურებს, რომ ბიუროში დანერგილი ხარისხის სისტემა, ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევის მაღალი სტანდარტის გარანტია.

ბიურო არის ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI სრულუფლებიანი წევრი.