
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტმა ბალისტიკურ და ტრასოლოგიურ ლაბორატორიებში არსებული ტექნიკა განაახლა და ახალი საექსპერტო კვლევითი სისტემები შეიძინა.
ბალისტიკური ექსპერტიზის მიმართულებით, ცეცხლსასროლი იარაღების მასრებისა და ჭურვების საიდენტიფიკაციო კვლევისთვის განხორციელდა 13 წლის წინ შეძენილი ჩეხური კომპანია „LABORATORY IMAGING“-ის წარმოების საექსპერტო სისტემა „Balscan“-ის კომპიუტერული ნაწილის ჩანაცვლება მძალვრი შესაძლებლობის მქონე კომპიუტერის, 4K რეზოლუციის მონიტორის და პროგრამული უზრუნველყოფის უკანასკნელი ვერსიით.
აღნიშნული სისტემის აპარატურულ-პროგრამული ნაწილით, შესაძლებელია მასრის ან ჭურვის სკანირება და მიღებული გამოსახულების, საიდენტიფიკაციო კვლევისათვის საუკეთესო ვიზუალიზაცია. ასევე, ობიექტისთვის შეფერილობის შეცვლა,მოცულობითი სურათის შექმნა და ოპტიმალური გამოსახულების მიღება,3D განზომილებაში გადატანა და სხვა.
ბალისტიკური ექსპერტიზების სიმრავლის გათვალისწინებით, ბიურომ დამატებით შეისყიდა 1 ერთეული საექსპერტო სისტემა „Balscan“-ი, რაც განახლებული სისტემის იდენტური ფუნქციონალით ხასიათდება, თუმცა გაუმჯობესებული აპარატურული ნაწილის, კერძოდ ვიდეო კამერისა და სხვა თანამედროვე კვანძების ხარჯზე, უფრო სწრაფად ახორციელებს ობიექტთა სკანირებას, შესაბამისი გამოსახულების მიღებასა და იდენტიფიცირებას.
რაც შეეხება ტრასოლოგიური ექსპერტიზის მიმართულებას, შეძენილ იქნა, ამავე ჩეხური კომპანიის წარმოების საექსპერტო კვლევითი სისტემა „Toolscan“-ი, რომელიც განკუთვნილია მყარი ტიპის ობიექტთა ტრასოლოგიური კვლევისთვის, კერძოდ ობიექტზე გამოვლენილი კვალის წარმოქმნის მექანიზმის განსაზღვრისა და კვალდამტოვი ობიექტის იდენტიფიცირებისთვის. სისტემა „Toolscan“-იც შედგება აპარატურულ პროგრამული კომპონენტებისაგან და მუშაობასას იგივე ოპერაციებს ახორციელებს რასაც სისტემა „Balscan“-ი.
სისტემა „Toolscan“-ის აპარატურული ნაწილი შემუშავებულია ტრასოლოგიური ექსპერტიზის ობიექტთა ფიზიკური პარამეტრების გათვალისწინებით და აღჭურვილია სხვადასხვა დამხმარე კვანძებით, რაც აადვილებს განსხვავებული ტიპის ობიექტთა კვლევას.
პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებს „Toolscan“-სა და „Balscan“-ს გააჩნია, როგორც ავტომატური, ასევე არაავტომატური შედარების (იდენტიფიცირების) ფუნქციები, რომლებიც ობიექტთა სპეციფიკის გათვალისწინებით, მაქსიმალურად მოსახერხებელს ხდიან ექსპერტთა საქმიანობას.
კომპანია „LABORATORY IMAGING“-ის წარმოების საექსპერტო სისტემების აწყობა და გამართვა მწარმოებელი კომპანიის ჩეხმა ინჟინერმა უზრუნველყო, რომელმაც ბიუროს ექსპერტებს საექსპერტო კვლევითი ტექნიკის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე 3 დღიანი ტრენინგი ჩაუტარა.
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, მუდმივად ახორციელებს ლაბორატორიების თანამედროვე აპარატურით აღჭურვას, რაც ხელს უწყობს ახალი კვლევითი მეთოდების დანერგვასა და საექსპერტო საქმიანობის ეფექტურობის ზრდას.