სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტმა ასმათ მატუშევსკაიამ მონაწილეობა მიიღო ფონოსკოპიური ექსპერტიზის თემაზე გამართულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში. სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო ფონოსკოპიური მიმართულების ის აქტუალური საკითხები, რომლებიც სასამართლო ექსპერტიზის დარგის განვითარებასა და მის თანამედროვე მოთხოვნებს ეხება.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იზრდება მომართვიანობა ციფრული ჩანაწერების ავთენტურობისა და ჩანაწერებში მოსაუბრე დიქტორთა დადგენასთან დაკავშირებით. აქტიურად მუშავდება ახალი კვლევის მეთოდები და საექსპერტო პროგრამები, რომელთა დანერგვა და სპეციალისტთა გადამზადება საექსპერტო სამსახურების ინტერესის სფეროსაც განეკუთვნება, შესაბამისად ბიუროს ექსპერტები მუდმივად არიან ჩართულნი სიახლეების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების საქმეში ENFSI-ს ჯგუფში შემავალ საექსპერტო და სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან ერთად.
აღნიშნულ ონლაინ შეხვედრას მსოფლიოს მასშტაბით 73 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. პრეზენტაციები წარმოადგინეს გერმანიის, იტალიის, ინგლისის, პოლონეთისა და შვედეთის ექსპერტებმა, სადაც დეტალურად იყო განხილული ის გამოწვევები და სიახლეები, რომელიც ხმოვანი ჩანაწერების კვლევის მიმართულებით არის აქტუალური.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ასევე ექსპერტის სამუშაო გარემოსა და ტექნიკურ აღჭურვილობაზე, ვალიდაციის საკითხებზე, ლაბორატორიათაშორის ტესტირებებებზე, რაც მნიშვნელოვანია და აუცილებელი პირობაა საექსპერტო კვლევების ხარისხის უზრუნველსაყოფად.