Imageბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმა-ოპტიკურ ემისიური სპექტრომეტრი “ICAP DUO 7400” დაინსტალირდა და  სამუშაო რეჟიმში გადავიდა.
სპექტრომეტრი “ICAP DUO 7400” სრულად უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ობიექტების სრული ელემენტური შემადგენლობის სწრაფ და ეფექტურ დადგენას. ხელსაწყო აღჭურვილია ორმაგი პლაზმის ხედვით, რაც ხსნარებში ერთდროულად არანაკლებ 70 ელემენტის რაოდენობრივი დეტექტირების  საშუალებას იძლევა  (აღმოჩენის ზღვარი 1 ppb). 

სპექტრომეტრი  “ICAP DUO 7400” აღჭურვილია ორგანულ ფაზაზე სამუშაო სპეციალური „GE IsoMist Peltier”-ის გამაცივებელი გამფრქვევი კამერით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საავტომობილო და საავიაციო ბენზინებში, რეაქტიულ საწვავში, საშუალო დისტილატებში, ნედლ ნავთობში,  ახალ და ნამუშევარ ზეთებში პირდაპირი გაფრქვევის გზით მეტალების სრული სპექტრის განსაზღვრის საშუალებას იძლევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანული გამხსნელების და ადვილად აალებადი ნავთობპროდუქტებისათვის.

ხელსაწყოს, ასევე გააჩნია ჰიდრიდული სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საკვებ პროდუქტებში და ბიოლოგიურ ობიექტებში ვერცხლისწყლის, დარიშხანის, სტიბიუმის, სელენის და ბისმუტის დეტექტირება (აღმოჩენის ზღვარი 1 ppb ), სწორედ ამ ხელსაწყოს საშუალებით კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის მიმართულებით დაინერგა:  სასმელ წყალში, ალკოჰოლიან და უალკოჰოლო სასმელებში, ასევე  საკვებ პროდუქტებში შემავალი  ქიმიური ელემენტების რაოდენობრივი შემცველობის განსაზღვრის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე მეთოდები.

ნივთიერებათა მასალათა და ნაკეთობათა ექსპერტიზის მიმართულებით, შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა სახის შენადნობის ხარისხის კონტროლისთვის აუცილებელი სტანდარტით ნორმირებული ყველა ელემენტის განსაზღვრა: მათ შორის, ფოსფორის, ხოლო სათამაშოებში ისეთი ნორმირებული მიგრაციული ელემენტების, როგორიც არის: ტყვია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი და სხვა. (აღმოჩენის ზღვარი 1 ppb ). 

ამჟამად მიმდინარეობს ახალი მეთოდების დანერგვა ვერიფიკაცია ისეთ ობიექტებზე, როგორიც არის: მინა, პარფიუმერია, კერამიკა, მადანი, ნიადაგი, გეოლოგიური ნიმუშები და სხვა. 

ხელსაწყოს სამუშაო რეჟიმში გაშვებამდე, ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტებმა, მწარმოებელი კომპანიის სერთიფიცირებული სერვის ინჟინერის და ტრენერის ტრენინგი წარმატებით გაიარეს და შესაბამისი სერთიფიკატები მიიღეს.