სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2021 წელს განმეორებითი აკრედიტაცია წარმატებით გაიარა და ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი ისო17025:2017/2018 მიიღო.
პირველად ბიუროს აკრედიტაცია ისო 17025 სტანდარტის შესაბამისად, 2013 წლის აგვისტოდან მიენიჭა. აკრედიტაციის პროცედურების შესაბამისად, აკრედიტაციის ვადად განსაზღვრულია 4 წელი, ხოლო აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის შემფასებლების მიერ ბიუროში ყოველწლიურად ხორციელდება ხარისხის კონტროლის მონიტორინგი, რომელიც ამოწმებს აკრედიტაცია მინიჭებული სფეროების სტანდარტთან შესაბამისობას.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით და 2013 წლიდან ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI სრულუფლებიანი წევრია.
ბიუროს საქმიანობის სფეროში შედის 500-მდე ტრადიციული და არატრადიციული დარგის ექსპერტიზის სახეობა, ხოლო ექსპერტიზებს 300-მდე კვალიფიცირებული ექსპერტი ახორციელებს.
ლაბორატორიების საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, ბიურო მუდმივად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ლაბორატორიათაშორის ტესტირებებში, სადაც შედეგების მიხედვით საუკეთესო პოზიციებს იკავებს.
მიღებული აკრედიტაციები ადასტურებს, რომ ბიუროში დანერგილი ხარისხის სისტემა არის გარანტი ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევის მაღალი ხარისხის სტანდარტის, რაც დამკვეთის ნდობას განაპირობებს.