Image2021 წელს ყოველწლიური პროფესიული ტესტირების ჩასატარებლად, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებების ევროპული ქსელის (ENFSI) ნარკოტიკების სამუშაო ჯგუფის მიერ ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოსთვის წარმოდგენილ იქნა 4 საანალიზო ნიმუში, კერძოდ ნარკოტიკული საშუალებები - ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი მცენარეული ფხვნილი, ამფეტამინი,  კოკაინი  და კათინონის კლასის ფსიქოსტიმულატორი  ნ-ეთილჰექსედრონი. ბიუროს ექსპერტებთან ერთად აღნიშნულ ტესტირებაში ევროპული ქვეყნების სამოცდა ცხრა ლაბორატორიამ მიიღო მონაწილეობა.
ENFSI-ს პროფესიული ტესტირება გულისხმობს უცნობი შემადგენლობის ფხვნილებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების  თვისებრივი და რაოდენობრივი შემცველობის განსაზღვრას. ანალიზის შედეგებთან ერთად, მონაწილე ლაბორატორიებს ასევე მოეთხოვებათ აქტიური კომპონენტების ანიონური შემადგენლობის განსაზღვრა, ანალიზის მეთოდის განუზღვრელობის შეფასება და მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება. 
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური სამმართველოს მიერ სწორად იქნა შეფასებული ყველა ნივთიერებების თვისებრიობა, ანიონური შემადგენლობა,  ხოლო კოკაინის ფხვნილის  შემთხვევაში,  როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი შემცველობაც. 
პროფესიული ტესტირების სტატისტიკური შეფასებისათვის გამოყენებული იყო შემდეგი კრიტერიუმები:  საშუალო ± 2SD, საშუალო ± 10%,  საშუალო ± 5%,  განუსაზღვრელობა, En რიცხვი და  Z შეფასება. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველომ ამჯერადაც წარმატებით მიიღო მონაწილეობა ტესტირებაში, უმაღლეს დონეზე დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი და მისი მონაწილეობა ENFSI-ის სამუშაო ჯგუფის მიერ პირველი კატეგორიის შედეგით აღინიშნა - Z შეფასება “-0.18“ (სასურველი Z შეფასების ნორმა < 2 ).
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროფესიულ ტესტირებაში ნიმუშების მომზადების, თვისებრივი ანალიზის  ჩატარებასა და შედეგების ინტერპრეტაციაში  მონაწილეობას ღებულობდნენ სამმართველოს სტაჟიორებიც. 
 სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველო 2010 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო ტესტირებებში (ENFSI, UNODC, EDQM-STRASBOURG) და მუდმივად წამყვან პოზიციებს იკავებს. წლევანდელი მონაცემებითაც, ევროპის მასშტაბით  ჩატარებული ტესტირების შედეგებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წამყვანი ლაბორატორიების გვერდითაა, რაც ბიუროს ექსპერტთა მაღალი კვალიფიკაციის, ბიუროში აპრობირებული მეთოდებისა და გამოყენებული ხელსაწყო-აპარატურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მაჩვენებელია.