სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა მონაწილეობა მიიღო 2021 წლის 27 მაისს ENFSI-ს ორგანიზებით, კოვიდ 19 პანდემიის გამო ვირტუალურად გამართულ საერთაშორისო ყოველწლიურ კონფერენციაში. სამუშაო შეხვედრაზე განიხილებოდა საექსპერტო მიმართულებით ის აქტუალური თემები, რომელიც სასამართლო ექსპერტიზის დარგის განვითარებას და მის თანამედროვე მოთხოვნებს ეხება. კონფერენციაზე ENFSI-ის თავმჯდომარემ მაიკლ ბოვანსმა წარადგინა ორგანიზაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 2011 წლიდან ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI-ს) სრულუფლებიანი წევრია.
სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპულ ქსელში (ENFSI) 39 ქვეყნის 73 საექსპერტო დაწესებულებაა გაწევრიანებული. საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას ENFSI-ის სრულუფლებიანი წევრები მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნებიდან ესწრებოდნენ.
ENFSI-ის მთავარი მიზანია განავითაროს სასამართლო ექსპერტიზის სფერო და უზრუნველყოს სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების მაღალი ხარისხი, კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ENFSI პერიოდულად ორგანიზებას უწევს სასამართლო ექსპერტიზის სხვადასხვა დარგის სამუშაო ჯგუფებისთვის შეხვედრებს, სამეცნიერო კონფერენციებს და სემინარებს.