2020 წლის ივლისში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სტრასბურგიდან, სტანდარტიზაციის დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ იქნა საანალიზო ნიმუშები - ასპარაგინის მონოჰიდრატი და ჰისტიდინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი (Asparagine Monohydrate, Histidine Hydrochloride Monohydrate) - პროფესიული ტესტირების ჩასატარებლად, ტესტირების მიზანი კი იყო აღნიშნულ ნიმუშებში ტენიანობის შეფასება მოთხოვნილი მეთოდური მითითებების მიხედვით და მიღებული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება.
აღნიშნულ ტესტირებაში მონაწილეობა ევროპის 106-მა ლაბორატორიამ მიიღო. როგორც სტრასბურგიდან მიღებული რეპორტიდან ირკვევა, ორივე ნიმუშის შემთხვევაში, პროფესიულ ტესტირებაში მონაწილე, ევროპული ლაბორატორიების 88 %-მა გაიარა ტესტი წარმატებით.
სტრასბურგიდან მიღებულია ვრცელი რეპორტი, რომელშიც ლაბორატორიებიდან მიღებული შედეგებისა და ინფორმაციის საფუძველზე, დეტალურადაა შეფასებული არა მხოლოდ უშუალოდ შედეგი, არამედ ის სტანდარტული პროცედურებიც, რომლებიც იქნა გამოყენებული აღნიშნული ტესტირების ჩატარებისას.
როგორც პროფესიული ტესტირების სტატისტიკური შეფასების კრიტერიუმის - Z-score < 2 - მიხედვით ირკვევა, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველომ ამჯერადაც წარმატებით მიიღო მონაწილეობა ტესტირებაში და მისი მონაწილეობა პირველი კატეგორიის შედეგით აღინიშნა სამკურნალო საშუალებების ხარისხისა და ჯანდაცვის ევროპული დირექტორიატის (EDQM, STRASBOURG) მიერ.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველო 2010 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო ტესტირებებში (ENFSI, UNODC) და მუდმივად წამყვან პოზიციებს იკავებს. წლევანდელი მონაცემებითაც, ევროპის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგებით, ანალიზის შედეგების სტატისტიკური შეფასების მიხედვით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წამყვანი ლაბორატორიების გვერდითაა, რაც ბიუროს ექსპერტთა მაღალი კვალიფიკაციის, ბიუროში აპრობირებული მეთოდებისა და გამოყენებული ხელსაწყო-აპარატურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მაჩვენებელია.