
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ასტანაში, იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „სასამართლო ექსპერტიზა მართლმსაჯულების სისტემაში: გამოწვევები და პერსპექტივები“ დაესწრო.
კონფერენციის მიზანი სასამართლო ექსპერტიზის მიმართულებით აქტუალური საკითხებისა და თანამედროვე ტენდენციების განხილვა იყო. ღონისძიების ფარგლებში ბიუროს უფროსი სიტყვით გამოვიდა და სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს ბიუროს საქმიანობის, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გიორგი მურვანიძემ ყაზახეთის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად ორმხრივ მემორანდუმს მოაწერა ხელი. ასევე, სამუშაო შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საექსპერტო პრაქტიკაში თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვაზე, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.