
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული დეპარტამენტის ექსპერტებმა ფინეთის ქალაქ ჰელსინკში სასამართლო ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო ასოციაციის (IAFMHS) მიერ ორგანიზებულ სასამართლო მენტალური ჯანმრთელობის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
IAFMHS სასამართლო ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო პროფესიული ასოციაციაა, რომელიც აერთიანებს სასამართლო ფსიქიატრებს, ფსიქოლოგებს და დარგის სხვა სპეციალისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა სასამართლო ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევები, ექსპერტული შეფასების მეთოდოლოგია, კლინიკური პრაქტიკის განვითარება, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასამართლო-ექსპერტული შეფასების ხარისხის გაუმჯობესებას, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას, პროცესუნარიანობისა და ფსიქიკური ნაკლის შეფასების თანამედროვე მიდგომებს, სასამართლო ფსიქიატრიულ და ფსიქოლოგიურ ექსპერტიზაში არსებულ გამოწვევებს, ასევე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიური შეფასების საკითხებს.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა მოინახულეს Ohkola Hospital, სადაც გაეცნენ ფინეთის ფსიქიატრიული მომსახურების ორგანიზების მოდელსა და არანებაყოფლობითი და იძულებითი მკურნალობის პრაქტიკას.
ექსპერტების სხვადასხვა საერთაშორისო თემატურ კონფერენციებში მონაწილეობა წინგადადგმული ნაბიჯია ექსპერტთა პროფესიული განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე პროფესიული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით და ხელს უწყობს საქართველოში სასამართლო ფსიქიატრიისა და ფსიქოლოგიის სფეროს შემდგომ განვითარებასა და სასამართლო-ექსპერტული საქმიანობის ხარისხის გაძლიერებას.