
2026 წლის 10–12 ივნისს, ქალაქ ბათუმში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით, პირველად საქართველოში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია — „ინოვაციები სასამართლო ექსპერტიზაში 2026“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტისა და სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები, ქალაქ ბათუმის მერი, ასევე საქართველოსა და უცხოეთის აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლები.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 170 დელეგატმა, მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი საექსპერტო დაწესებულებების 55-მა ექსპერტმა და მეცნიერმა.
ორი დღის განმავლობაში ამერიკელმა, ევროპელმა და ქართველმა სპეციალისტებმა წარადგინეს მოხსენებები და პრეზენტაციები სასამართლო ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულებით — ქიმიის, ბიოლოგიის, კრიმინალისტიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში დანერგილი ინოვაციური მეთოდების, თანამედროვე კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ.
კონფერენციის ფარგლებში ასევე მოეწყო მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიული აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიების მიერ შექმნილი უახლესი კვლევითი აპარატურისა და ტექნოლოგიური დანადგარების გამოფენა, სადაც მონაწილეებს თანამედროვე სამეცნიერო და საექსპერტო შესაძლებლობების გაცნობის საშუალება მიეცა.
„ინოვაციები სასამართლო ექსპერტიზაში“ ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მომავალშიც გააერთიანებს დარგის წამყვან ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს გამოცდილებისა და ცოდნის გასაზიარებლად.