
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამრომლები.
ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ დამსწრე საზოგადოებს გააცნო ის პროექტები და ინიციატივები, რომლებიც ბოლო წლებში ბიუროში განხორციელდა და მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას. საუბარი შეეხო როგორც ინფრასტრუქტურულ ადაპტაციას, ასევე თანამშრომელთა გადამზადებას, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებსა და ელექტრონული სერვისების განვითარებას.
ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის ბიუროს ვებგვერდის ადაპტაციისა და აუდიო გზამკვლევის შექმნის ინიციატივები, რომლებიც სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების კიდევ უფრო მეტად გამარტივებას ემსახურება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიუროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შექმნის ინიციატივას.
აღნიშნული საბჭო გააერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის, შესაბამისი ორგანიზაციებისა და სფეროს ექსპერტების წარმომადგენლებს, რაც ბიუროს საშუალებას მისცემს სამომავლო საქმიანობა და მომსახურების განვითარების პროცესები მათი რეკომენდაციებისა და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით წარმართოს.