
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო-ს ქიმიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო ამერიკული კომპანიის Collaborative Testing Services (CTS)-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო ლაბორატორიათშორის ტესტირებაში.
ტესტირების ფარგლებში ბიუროს ექსპერტებმა:
* განსაზღვრეს სხვადასხვა სახეობის ქსოვილის ბოჭკოვანი შემადგენლობა;
* მოახდინეს ობიექტებზე არსებული უცხო ბოჭკოვანი მიკრონაწილაკების იდენტიფიცირება;
* დაადგინეს ბოჭკოვანი მიკრონაწილაკების წარმომავლობა;
* შეაფასეს და ინტერპრეტაცია გაუკეთეს მიღებულ შედეგებს.
საერთაშორისო ტესტირებაში მსოფლიოს 83 წამყვანი ლაბორატორია მონაწილეობდა. მიღებული შედეგები სტატისტიკურად დამუშავდა „CTS“-ის სპეციალისტების მიერ, რის საფუძველზეც მომზადდა საბოლოო ანგარიში.
ლაბორატორიათშორის ტესტირების შედეგების მიხედვით, ბიუროს ექსპერტებმა როგორც კვლევის ჩატარების, ასევე შედეგების შეფასებისა და ინტერპრეტაციის მიმართულებით უმაღლესი შეფასება მიიღეს. აღნიშნულმა შედეგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ექსპერტთა მაღალი პროფესიული კომპეტენცია, ჩატარებული კვლევების სიზუსტე, უტყუარობა და სანდოობა. ბიუროს ლაბორატორიამ კვლავ ღირსეული ადგილი დაიკავა ამერიკისა და ევროპის წამყვან ლაბორატორიებს შორის.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველო საქართველოში ტექსტილის ანალიზის სფეროში ერთადერთი ლაბორატორიაა, რომელიც აკრედიტებულია „სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018“ სტანდარტის შესაბამისად. ლაბორატორიის საქმიანობა სრულად ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე კვლევით მეთოდოლოგიებს.