
2026 წლის 18 მაისს, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში, შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადაეცათ ოჯახებს.
შეხვედრას ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია ესწრებოდა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიკაციის პროცესი, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით 2014 წლიდან ხორციელდება, წარმოადგენს ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს.
ამჟამად იდენტიფიცირებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებში დაღუპული 334 სამხედრო და სამოქალაქო პირი. აღნიშნული პროცესი ოჯახებს საშუალებას აძლევს ღირსეული პატივი მიაგონ თავიანთ ოჯახის წევრებს.
სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მწუხარებას გამოთქვამს გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებული გმირების სახელები სამუდამოდ დარჩება ქვეყნის ისტორიაში.