
ექსპერტიზის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე, მოადგილეებთან და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
ღონისძიების ფარგლებში, გიორგი მურვანიძემ საზოგადოებას დეტალურად გააცნო ბიუროში მიმდინარე პროექტები, არსებული სისტემური და ტექნოლოგიური სიახლეები, ასევე, სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, მათ შორის, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების განვითარებაზე, საინჟინრო ექსპერტიზის შესაძლებლობების გაფართოებაზე, ხარისხისა და სანდოობის სტანდარტების კიდევ უფრო განმტკიცებაზე.
დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს შესაბამის ექსპერტიზის მიმართულებებში არსებულ პრაქტიკასა და გამოცდილებაზე, ასევე სამომავლო განვითარების პრიორიტეტებზე. შეხვედრის მონაწილეებმა ბიზნეს სექტორის მხრიდან წარმოებული ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლო ფორმატები და ინიციატივები.