
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას შეუერთდა, რომელსაც მსოფლიო ყოველწლიურად 21 მარტს აღნიშნავს.
ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ბიუროს თანამშრომლებმა შეიძინეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დიზაინით შექმნილი ფერადი წინდები, რომელებიც საზოგადოების მეტი ჩართულობისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ბიუროში მოსულ მოქალაქეებს გადაეცათ.
დაუნის სინდრომი წარმოადგენს ადამიანის გენეტიკურ მდგომარეობას, რომლის დროსაც ორგანიზმის უჯრედებში სტანდარტული 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 ქრომოსომა გვხვდება.
2006 წლის 21 მარტს პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. თარიღის შერჩევა სიმბოლურია – 21-ე რიცხვი აღნიშნავს 21-ე ქრომოსომას, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე, ტრისომიულ მოვლენას, ანუ 21-ე ქრომოსომის სამ ასლს, რაც დაუნის სინდრომის გენეტიკურ საფუძველს წარმოადგენს.
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სოციალურ კამპანიაში და ღრმად გვწამს, რომ ინკლუზიურობა და ურთიერთმხარდაჭერა არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების ცხოვრებას აუმჯობესებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას ხდის უფრო ჰუმანურს, ტოლერანტულსა და ძლიერს.