Image

ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტმა მარიამ როგავამ და ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტმა ბესიკ ნოზაძემ, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერილენდში, იდენტიფიკაციის საერთაშორისო ასოციაციის (IAI) 107- კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებს, ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ორგანოს ექსპერტებმა გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება იმ თანამედროვე მიდგომებისა და გამოწვევების შესახებ, რომლითაც ხელმძღვანელობენ კვლევის პროცესში.

ასევე, მოეწყო პრაქტიკული სემინარები, სადაც ექსპერტები გაეცნენ ჰაბიტოსკოპიასა და დაქტილოსკოპიაში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებს, ახალ ტექნიკურ საშუალებებთან და პროგრამებთან მუშაობის მეთოდებს, ციფრული ფოტოგრაფირების კრიმინალისტიკურ გამოყენებასა და სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენის თავისებურებებს.

იდენტიფიკაციის საერთაშორისო ასოციაცია არის მსოფლიოში წამყვანი ასოციაცია, რომელიც აერთიანებს სასამართლო ექსპერტიზის დარგში მოღვაწე ექსპერტებს. ასოციაცია ყოველწლიურად ატარებს სამეცნიერო ლექციებსა და პრაქტიკულ სემინარებს, რომლის ფარგლებშიც ექსპერტები ეცნობიან დანაშაულის გამოძიების პროცესში შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ფოტოგრაფირების, პოტენციურ მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის, იდენტიფიკაციისა, დასკვნის შედგენის თავისებურებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს კრიმინალისტიკის დარგში.