Image2023 წლის 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში, ბიუროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, ანთროპოლოგიური ფოტოგრაფიის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა.
ანთროპოლოგიური ფოტოგრაფიის 5 დღიან ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ბიუროს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტებმა. კურსი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. პრაქტიკული ნაწილი ექსპერტებმა ადგილზე, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში გაიარეს.
ტრენინგს უძღვებოდა ალენ უიტმანი, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, ექსჰუმაციის, ნეშტების კვლევისა და სხვადასხვა მტკიცებულებების ციფრულ ფოტოგრაფიაში მრავალწლიანი წარმატებული სამუშაო გამოცდილების მქონე ექსპერტი, რომლის ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელო სამედიცინო სასამართლო ფოტოგრაფიის შესახებ, ფართოდ გამოიყენება სასამართლო ანთროპოლოგიასა და ბიოარქეოლოგიაში. ალენ უიტმანის ფოტოები ასევე გამოქვეყნებულია ცნობილ სამეცნიერო სახელმძღვანელოებში და ჟურნალებში.
კურსის განმავლობაში, ექსპერტებმა შეისწავლეს ციფრული ფოტოგრაფირების შესაძლებლობები და ნეშტების გამოკვლევის პროცესში, ფოტოგადაღების თანამედრივე მეთოდების და ხერხების გამოყენების გზები.
აღნიშნული ტრენინგი წარმოადგენდა დამამთავრებელ კურსს ბიუროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული ვორქშოფების ციკლიდან- ადამიანის ნეშტებზე მუშაობის პრინციპების, ექსჰუმაციის და იდენტიფიკაციის საკითხების თაობაზე.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს ორგანიზატორებისგან გადაეცათ მიღებული ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატები.