2023 წლის აპრილის თვეში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის, კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველომ, გერმანიის პროფესიული ტესტირების და ეტალონური სტანდარტული მასალების რეფერენს ბიუროს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა. ტესტირება ეხებოდა სასმელ წყალში მეზოფილურ აერობული და ფაკულტატურ ანაერობული მიკროორგანიზმების რაოდენობის განსაზღვრას, რომლის ფარგლებშიც, ბიუროს ექსპერტრბის მიერ, ორ საცდელ ნიმუშში განისაზღვრა მეზოფილურ აერობული და ფაკულტატურ ანაერობული მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა.
საქართველოს გარდა ლაბორატორიათშორის ტესტირებაში მონაწილეობდა მსოფლიოს 25 წამყვანი ლაბორატორია. მიღებული შედეგები დამუშავდა სტატისტიკურად და წარმოდგენილ იქნა საბოლოო ანგარიში, სადაც ბიურომ უმაღლესი შეფასება „Excellent Performance“მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი შეფასება მეორედ იქნა მიღებული ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ლაბორატორიის მიერ მიღებული შედეგების მაღალი სიზუსტე, უტყუარობა და სანდოობა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი მუდმივად ნერგავს კვლევის თანამედროვე მეთოდებს და სტანდარტებს და ყოველთვის არის სიახლეების სათავეში.