სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის (INTERPOL)-ის მიერ ორგანიზებულ რიგით მე-20 სასამართლო ექსპერტიზის მენეჯერების სამეცნიერო სიმპოზიუმს დაესწრო. სიმპოზიუმი საფრანგეთის ქალაქ ლიონში, INTERPOL - ის გენერალური სამდივნოს ოფისში გაიმართა და მიზნად ისახავდა, სასამართლო ექსერტიზის დარგში, გასული სამი წლის განმავლობაში არსებული სამეცნიერო მეთოდების და საგამოძიებო და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების და გამოწვევების მიმოხილვას. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო ექსპერტიზის მიმართულებით სამეცნიერო მეთოდების გაძლიერება და მართლმსაჯულების სისტემის მართვა. ასევე, კოლეგებმა თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები პრობლემური საკითხების გადაჭრის და სასამართლო ექსპერტიზის შემდგომი განვითარების გზების შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, დანაშაულის ჩადენის ხერხების მრავალფეროვნება მკვეთრად არის გაზრდილი, სხვადასხვა ქვეყნებს შორის კოორდინაცია ზემოხსენებულ საკითხებზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. სწორედ ამ კოორდინაციას უზრუნველყოფს კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია (INTERPOL). შესაბამისად, საქართველოში ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების, მათ შორის სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ესპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართულობა სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო განვითარების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია.