სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გაცნობითი ვიზიტით ილინოისის შტატის პოლიციის დირექტორი ბრენდან კელი და საქართველოში აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები ესტუმრნენ.
შეხვედრისას სტუმრებს ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა დეტალურად გააცნო ინფორმაცია ბიუროს საქმიანობის, დანერგილი სიახლეების, ინოვაციების და სამომავლო გეგმების შესახებ.
მამუკა ჯანგულაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან კერძოდ საქართველოში აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროსთან (INL) ექსპერტიზის ბიუროს წარმატებულ თანამშრომლობას, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საექსპერტო საქმიანობის დანერგვაში. INL-ის დახმარებით, ბიუროს, დაარსებიდან დღემდე, გადაეცა არაერთი თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი საექსპერტო ტექნიკა და აპარატურა. მათი ხელშეწყობით და დაფინანსებით სრულად გარემონტდა და აღიჭურვა ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი და პირველი დნმ ლაბორატორია საქართველოში.
ასევე ამავე პროგრამის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიუროს სამედიცინო ექსპერტებს გავლილი აქვთ და მომავალშიც გაივლიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს.
INL-ის აქტიური დახმარებით დაინერგა ხარისხის სისტემა, საექსპერტო კვლევითი საქმიანობისთვის, რომლის საფუძველზეც ბიურომ მიიღო საერთაშორისო სტანდარტის ISO17025 მოთხოვნების შესაბამისი აკრედიტაცია.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ბიუროს სხვადასხვა საექსპერტო მიმართულების ლაბორატორიები, მათ შორის ესტუმრნენ სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს, სადაც გაეცნენ დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკას და შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე.