Image
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს. 
ამ დრომდე ბიუროში მემკვიდრულ თრომბოფილიაზე პასუხისმგებელი მხოლოდ სამი მუტაციის კვლევა მიმდინარეობდა. დღეიდან კი ბიოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორიაში ერთდროულად 6 (ექვსი) მუტაციის დეტექცია PCR  ტექნოლოგიით და გენეტიკური ანალიზატორის მეშვეობით ხდება. 
ბიუროში განხორციელებულმა სამეცნიერო გრანტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, მემკვიდრული თრომბოზის განვითარებაზე პასუხისმგებელი გენების მუტაციები, ქართულ პოპულაციაში ძალიან მაღალი სიხშირით იწვევენ თრომბების განვითარებას ახალგაზრდებში და უჩვეულო ლოკაციაზე ყველა ასაკის პაციენტში - ასევე, ორსულთა პათოლოგიებს. სწორედ ამიტომ აღნიშნული სიახლე დროულია და მნიშვნელოვანი, რაც ხელს შეუწყობს თრომბოზული გართულებებით გამოწვეული ჯანმრთელობისთვის საშიში რისკების თავიდან აცილებას.
დნმ ლაბორატორიაში ყოველდღიურად კვლევები ხარისხიანად, მაღალი სტანდარტის დაცვით ტარდება.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიაში დანერგილი ახალი მეთოდები უმნიშვნელოვანესი და წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ფეხდაფეხ მივყვეთ საერთაშორისო სიახლეებს და ღირსეულად შევინარჩუნოთ მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებს შორის   ჩვენს მიერ დამკვიდრებული ადგილი.
ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი მომავალშიც გეგმავს მომსახურების სფეროს გაფართოებას და სამედიცინო გენეტიკის ახალი მიმართულებების დანერგვას.