სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტების მონაწილეობით აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული კიდევ 8 ნეშტის იდენტიფიცირება გამხორციელდა. მათ შორის 5 სამხედრო პირის და 3 მშვიდობიანი მოქალაქის. ქართველ გმირებს 2021 წლის 9 დეკემბერს, სამხედრო პატივით დაკრძალავენ დიღმის ძმათა სასაფლაოზე.
ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ნეშტების ოჯახებისთვის გადაცემას ბიუროს უფროსის მოადგილე პავლე გიორგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრები დაესწრნენ.
აფხაზეთის და საჩაბლოს ტერიტორიაზე დაღუპული გმირების ნეშტების იდენტიფიცირების პროცესი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით 2014 წლიდან დაიწყო და დღემდე აქტიურად გრძელდება.
ამ წლების განმავლობაში იდენტიფიცირებულია და ოჯახებისთვის გადაცემულია აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტებში დაღუპული 219 მეომრის ნეშტი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ურთიერთანამშრომლობით იდენტიფიცირების პროცესი კვლავ გრძელდება და ბიურო მის დასრულებამდე აქტიურად იქნება ჩართული.
ბიურო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობოსთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მეომართა ხსოვნას.