Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე ვახტანგ კარგარეთელი  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ  მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების შეფასების მონიტორინგის განმახორციელებელ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს იმ წესების და პროცედურების შესახებ, რომელითაც ბიურო ხელმძღვანელობს  ძალადობის მსხვერპლ ქალთა მიმართ სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების დროს. მონიტორინგის ჯგუფის  წევრები ასევე  გაეცნენ კვლევის დროს ექსპერტების მიერ  გამოსაკვლევ ქალბატონებთან მოპყრობის პროცედურებს, განსაკუთრებით, ისეთი მოწყვლადი ჯგუფების კვლევის დროს, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები, ეთქნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, მიგრანტი ქალები და სხვა. 
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო თავის საქმიანობას ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ნერგავს თანამედროვე სიახლეებს ექსპერტიზის ჩატარების პროცესში და შესაბამისად უზრუნველყოფს ექპერტების გადამზადებას სხვადასხვა მნიშვნელოვანი კვლევების მიმართულებით. 
სწორედ უახლოეს წარსულში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, ბიუროს ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში თემაზე „სექსუალური ძალადობის მსხვერლპთა სასამართლო-სამედიცინო ექსერტიზის შესახებ“  და ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილ  მიდგომებს და სტანდარტებს გაეცნენ.