
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილემ ვახტანგ კარგარეთელმა ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ხელმძღვანელს საქართველოში სარა რუპერტს და ამავე ბიუროს პოლიციის მრჩეველს ლარი ფოკასს უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში, ისაუბრეს ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებისთვის მოსამზადებელი პროცესის განახლების შესახებ, რის შედეგადაც ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი გახდება აკრედიტირებული აშშ-ს სასამართლო სამედიცინო ექსპერტთა ეროვნული ასოციაციის მიერ (National Association of Medical Examiners - NAME).
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროსთან (INL), რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საექსპერტო საქმიანობის დანერგვაში. კერძოდ, მათი დახმარებით და დაფინანსებით გარემონტდა და აღიჭურვა ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი და პირველი დნმ ლაბორატორია საქართველოში, რომელიც ასევე ბიუროს ბაზაზე დაარსდა.
ბიუროს სამედიცინო ექსპერტებს ამავე პროგრამის მხარდაჭერით გავლილი აქვთ ტრენინგები ჯორჯიის საგამოძიებო ბიუროში (GBI).
ასევე INL-ის მხარდაჭერით დაინერგა ხარისხის სისტემა საექსპერტო -კვლევითი საქმიანობისთვის, რომლის საფუძველზეც ბიურომ მიიღო საერთაშორისო სტანდარტის ISO 17015 მოთხოვნების შესაბამისი აკრედიტაცია.