Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის (INL) ბიუროს დირექტორს რებეკა ჰანტს, ატაშეს იურიდიულ საკითხებში ჰეზარ ბერგს  და ატაშეს ასისტენტს კევინ  ორკინს შეხვდა. 
შეხვედრაზე ბიუროს უფროსმა ისაუბრა ბიუროში  მიმდინარე პროექტებზე და (INL)-თან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.
სტუმრებმა ექსპერტიზის ბიუროს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-ნარკოლოგიური, კრიმინალისტიკური, დნმ და კომპიუტერული ექსპერტიზების ლაბორატორიები დაათვალიერეს და ექსპერტებისგან კვლევის მიმართულებით მიმდინარე სიახლეებს გაეცნენ. 
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის პროგრამასთან, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განვითარებაში.  INL-ის დაფინანსებით გარემონტდა და აღიჭურვა ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი და პირველი დნმ ლაბორატორია. მათი დახმარებით ბიურომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა: მათ შორის ბიუროს შენობების და ლაბორატორიების რეაბილიტაცია, მათი აღჭურვა და თანამშრომლების პროფესიული გადამზადება.
INL-ის მხარდაჭერით  ბიუროში დაინერგა ხარისხის სისტემა საექსპერტო-კვლევითი საქმიანობისთვის, რომლის საფუძველზეც ბიურომ მიიღო აკრედიტაცია საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025-ის მოთხოვნების შესაბამისად. რეგიონის მასშტაბით ბიურო ლიდერი  საექსპერტო დაწესებულებაა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო INL-თან აქტიურ თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.