2020 წლის ოქტომბრის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის ლაბორატორიამ მონაწილეობა მიიღო პროფესიულ ტესტირებაში.ტესტირების ორგანიზატორი იყო ნიდერლანდების ლაბორატორიათაშორისი კვლევათა ინსტიტუტი (IIS), რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანიზაციას და ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიათაშორის კვლევებს (საკვალიფიკაციო ტესტები, ჯვარედინი შემოწმება, ერთობლივი კონტროლი) 100-ზე მეტი მონაწილე ქვეყნის ანალიტიკური ლაბორატორიებისათვის.
ინსტიტუტის (IIS) მიერ მოწოდებული იქნა ჰიდრავლიკის ახალი ზეთის უცნობი ნიმუში, რომელსაც განესაზღვრა შემდეგი 10 პარამეტრი მითითებული სტანდარტების მიხედვით: მჟავური რიცხვი, კოროზია სპილენძის ფირფიტაზე, სიმკვრივე, ფეთქების ტემპერატურა დახურულ ტიგელში, აქაფებისადმი მიდრეკილება/სტაბილობა, კინემატიკური სიბლანტეები 40 და 100-ზე, სიბლანტის ინდექსი, გამყარების ტემპერატურა. აღნიშნული პარამეტრები აკრედიტებულია სტანდარტის ისო 17025:2018-ის მიხედვით.
მიღებული ფაქტიური მნიშვნელობების სტატისტიკური დამუშავების შედეგები გამოცხადდა 2021 წლის თებერვალში. როგორც წარმოდგენილი შეფასებიდან ჩანს, ბიუროს ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის ლაბორატორიამ მიიღო უმაღლესი შეფასება და მონაწილეობის სერტიფიკატი, რაც ადასტურებს ბიუროში დანერგილი უახლესი კვლევითი მეთოდების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან და ექსპერტთა მაღალ კვალიფიკაციას.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველო მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო ლაბორატორიათშორის შედარებებში და ტესტირების შეფასების მიხედვით წამყვან ადგილს ინარჩუნებს.