Image2021 წლის იანვრის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტემენტის ვიდეო ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოსთვის შეძენილ იქნა წამყვანი ევროპული საექსპერტო პროგრამული უზრუნველყოფების მწარმოებელი კომპანიის, AmpedSoftware-ის წარმოების მულტიმედიური საექსპერტო პროგრამული უზრუნველყოფების სისტემა Amped Authenticate, Amped Five, Amped Dvrconv. 
აღნიშნული სისტემის გამოყენებით, პირველად რეგიონის მაშტაბით, ბიუროს ექსპერტებს შესაძლებლობა მიეცემათ ციფრულ ფოტოსურათზე პროგრამულ დონეზე მოახდინონ მონტაჟის განსაზღვრა. ამ დრომდე ბიუროში შესაძლებელი იყო მხოლოდ ვიზუალურად ხილვადი მონტაჟის ნიშნების დადგენა. 
ახალი პროგრამული უზრუნველყოფა ექსპერტებს დაეხმარება ციფრულ ფოტოზე და ვიდეო მასალაზე მონტაჟის და რედაქტირების კვალის აღმოჩენაში. ასევე შესაძლებელია ფოტოების და ვიდეო ჩანაწერების ხილვადობის და ხარისხის გაუმჯობესება. 
ახლად დანერგილ სისტემის უნიკალურობის წყალობით შესაძლებელი გახდა ათასზე მეტი ციფრული ჩამწერი მოწყობილობის ფორმატის მხარდაჭერა.
ბიურო ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ს სრულუფლებიანი წევრია და მთელი რეგიონის მასშტაბით ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა, სადაც მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ 500-ზე მეტი დასახელების ექსპერტიზა ტარდება.
ბიურო აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC17025-ის მიხედვით. დანერგილი ხარისხის სისტემა არის ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევების მაღალი ხარისხის გარანტი, რაც დამკვეთის ნდობას განაპირობებს.