პირველად საქართველოში ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის ლაბორატორიის ბაზაზე ქართველი მეცნიერების მუშაობის შედეგად ქართული ნედლეულით მაღალი სიმტკიცის და მსუბუქი კონსტრუქციული ბეტონი შეიქმნა.
მაღალი სიმტკიცის და კონსტრუქციული მსუბუქი ბეტონების უნიკალურობა მდგომარეობს იმაში რომ ქართული ნედლეულით იწარმოება. ორივე შემთხვევაში მიკროსტრუქტურულ დანამატად გამოყენებულია თერმომოდიფიცირებული მინერალური დანამატი, რომელიც მიიღება ტუფის და თიხაფიქლების, პემზის 550-700 გრადუს ტემპერატურაზე მოდიფიცირებით და შემდგომი წმინდად დაფქვით.
მაღალი სიმტკიცის ბეტონი - გამორჩეულია მაღალი სიმტკიცით, საიმედოობით და არ არის მიდრეკილი ბზარების წარმოქმნისაკენ.
მსუბუქი კონსტრუქციული ბეტონი - გამოირჩევა შემცირებული წყალშთანთქმით და ყინვამედეგობის მაღალი მაჩვენებლით.
აღნიშნული ნედლეულით ძალიან მდიდარია საქართველო. ბუნებრივი ქანების დამუშავების და ინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენებით მიღებული დანამატების: ცემენტის, წყლის, ღორღისა და ქვიშის არევის შედეგად მიიღება მაღალი სიმტკიცის ბეტონი, რომლის წარმოებაც გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე იმპორტირებული დანამატით წარმოებული ბეტონი.
ახალი მეთოდით წარმოებული მაღალი სიმტკიცის ბეტონი აქტიურად იქნება გამოყენებული სამშენებლო სფეროში, ჰიდროელექტროსადგურების, ხიდების, გვირაბების, აეროდრომების და გზების მშენებლობაში.
ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების ფარგლებში ევროსტანდარტის შესაბამისად სავალდებულო გახდება მსუბუქი ბეტონების სამშენებლო ინდუსტრიაში გამოყენება. სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისია ბიუროს საინჟინრო ექსპერტების და ქართველი მეცნიერების ერთობლივი გამოგონება მსუბუქი კონსტრუქციული ბეტონი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გარდა საერთაშორისო სტანდარტის საექსპერტო საქმიანობისა მუდმივად აწარმოებს სამეცნიერო კვლევებს. ამჟამად ბიურო კიდევ ერთ ახალ ინოვაციურ გამოგონებაზე მუშაობს, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში.