
2019 წლის ნოემბრის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო პროფესიულ ტესტირებაში. ტესტირების ორგანიზატორი იყო ლაბორატორიების საერთაშორისო გაერთიანება EUROFINS. ტესტირებაში მონაწილეობა ასოცდაშვიდმა ლაბორატორიამ მიიღო. ამჟამად ტესტირების მიზანს პათოგენური მიკროორგანიზმების თვისებრივი და რაოდენობრივი შემცველობის განსაზღვრა წარმოადგენდა კვების პროდუქტში. კერძოდ, სამ ნიმუშში გაკეთდა ოთხი მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი.
ტესტირების შედეგები გამოცხადდა 2019 წლის დეკემბერში. როგორც წარმოდგენილი შეფასებიდან ჩანს კვების სამმართველოს ექსპერტების მიერ ზუსტად იქნა დადგენილი მიკროორგანიზმების სახეობა და განისაზღვრა მათი რაოდენობრივი შემცველობა. გაგზავნილი თორმეტივე შედეგი იყო საუკეთესო.
ამრიგად, კვების სამმართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მის მიერ მიღებული შედეგების მაღალი სიზუსტე და უტყუარობა და დაამტკიცა, რომ მას ღირსეული ადგილი უკავია ევროპის
წამყვან ლაბორატორიებს შორის, რაც ბიუროს ექსპერტთა მაღალი კვალიფიკაციის, ბიუროში აპრობირებული მეთოდებისა და გამოყენებული ხელსაწყო-აპარატურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მაჩვენებელია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველო ISO17025-ის მიხედვით აკრედიტირებული ლაბორატორიაა, რომელიც ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტესტირებებში. ბიუროში მიღებული შედეგების გადამოწმება ევროპის წამყვან ლაბორატორიებში მუდმივად ხდება. მიღებული შედეგების მიხედვით ექსპერტიზის ბიურო ყოველთვის წამყვან პოზიციებს იკავებს.