Image
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობოის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ურთიერთანამშრომლობით,  2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული კიდევ 7 მშვიდობიანი მოქალაქის გადმოსვენება და იდენტიფიცირება მოხერხდა, რომელთა ნეშტებიც დღეს ოჯახებს გადაეცათ.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში პროცესს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდა, რომლის თქმითაც, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოსაძიებლად და იდენტიფიცირებისათვის მუშაობა  უკვე მეცხრე წელია მიმდინარეობს.  
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობითა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ნეშტების გადმოსვენება მიმდინარე წლის 19 მარტს განხორციელდა. სამარხი, რომელიც  სოფელ თამარაშენის სასაფლაოსთან მდებარეობდა, 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა.