Image2018 წლის 26 ოქტომბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა  ნინო ყოჩიაშვილმა და ამავე დეპარტამენტის ექსპერტმა  ნინო ფირცხელანმა, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის - GCSG მიერ ორგანიზებულ ონკოლოგთა მე-5 საერთაშორისო კონფერენციაზე,   ონკოქირურგიის, სამედიცინო გენეტიკისა და კიბოს ეპიდემიოლოგთა წამყვან ბრიტანელ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, საქართველოს პაციენტებში BRCA მუტაციების დეტექციის შესახებ მოხსენება წარადგინეს. BRCA გენების მუტაციის არსებობა სხვადასხვა ფორმის მემკვიდრული ძუძუს კიბოს განვითარების მაღალ რისკს განაპირობებს.
კონფერენციაზე განხილულ იქნა საქართველოში ძუძუს კიბოს განვითარების რისკების მართვა და მენეჯმენტი, ონკოპლასტიკური ქირურგიის საკითხები, სკრინინგისა და ოჯახური ანამნეზის მნიშვნელობა. დაიგეგმა საერთაშორისო კოლაბორაციები, საქართველოს პაციენტთა კვლევებში ჩართულობის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ბიურო პირველთაგანია, რომელმაც ადამიანის დნმ-ის მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა, სხვადასხვა მემკვიდრული დაავადებების, მათ შორის, ძუძუს კიბოს მემკვიდრული ფორმის აღმოჩენის მიზნით, 2008 წელს დაიწყო და ამ მიმართულებით ლიდერია საქართველოში.