სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული კიდევ 22 მეომრის ნეშთის იდენტიფიცირება განხორციელდა.ქართველი მეომრებს 2018 წლის 26 აპრილს, სამხედრო პატივით, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გმირების ნეშთების იდენტიფიცირების პროცესი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაწილეობით 2013 წლის სექტემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
დღემდე, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო -უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშთი იქნა მოძიებული, რომელთაგანაც ბიუროს ბიოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტების ექსპერტების ძალისხმევით 148 ნეშთი იქნა ამოცნობილი.
აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების იდენტიფიცირების პროცესი კვლავ გრძელდება და ბიურო მის დასრულებამდე აქტიურად იქნება ჩართული.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობოსთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მეომართა ხსოვნას.