2017 წლის აგვისტოს თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო პროფესიულ ტესტირებაში. ტესტირების ორგანიზატორი იყო ლაბორატორიების საერთაშორისო გაერთიანება EUROFINS ტესტირებაში მონაწილეობა ასოცდაათმა ლაბორატორიამ მიიღო. ტესტირების მიზანს წარმოადგენდა ბავშვთა კვების პროდუქტში არაპათოგენური მიკროორგანიზმების თვისებრივი და რაოდენობრივი შემცველობის განსაზღვრა. კერძოდ, სამ ნიმუშში გაკეთდა 6 სხვადასხვა მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი.ტესტირების შედეგები მიღებული იქნა 2017 წლის სექტემბერში. როგორც წარმოდგენილი შეფასებიდან ჩანს კვების სამმართველოს ექსპერტების მიერ ზუსტად იქნა დადგენილი მიკროორგანიზმების სახეობა და განისაზღვრა მათი რაოდენობრივი შემცველობა. გაგზავნილი თვრამეტივე შედეგი იყო საუკეთესო.
ამრიგად, კვების სამმართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მის მიერ მიღებული შედეგების მაღალი სიზუსტე და უტყუარობა და დაამტკიცა, რომ მას ღირსეული ადგილი უკავია ევროპის
წამყვან ლაბორატორიებს შორის, რაც ბიუროს ექსპერტთა მაღალი კვალიფიკაციის, ბიუროში აპრობირებული მეთოდებისა და გამოყენებული ხელსაწყო-აპარატურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მაჩვენებელია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველო ISO17025-ის მიხედვით აკრედიტირებული ლაბორატორიაა, რომელიც ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტესტირებებში. ბიუროში მიღებული შედეგების გადამოწმება ევროპის წამყვან ლაბორატორიებში მუდმივად ხდება. მიღებული შედეგების მიხედვით ბიურო ყოველთვის წამყვან პოზიციებს იკავებს.