
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული კიდევ 25 მეომრის ნეშთის იდენტიფიცირება განხორციელდა.
ქართველი მეომრების დაკრძალვის ცერემონიალი 2017 წლის 17 ოქტომბერს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე გაიმართება.
იდენტიფიცირებულ ქართველ გმირებს შორის არიან საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წევრები არშელ შენგელია, ვახტანგ გეგელაშვილი და მათი თანამებრძოლები, რომლებიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე იცავდნენ სოხუმში უმაღლესი საბჭოს შენობას და გმირულად შესწირეს თავი საქართველოს ერთიანობას და თავისუფლებას.
ქართველი მეომრების იდენტიფიცირების პროცესი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაწილეობით 2013 წლის სექტემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დნმ ლაბორატორიის ექსპერტებმა პროცესის დაწყებიდან დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა 3246 -მდე ნათესავის ბიოლოგიური ნიმუში აიღეს და მოამზადეს 1508 გენეტიკური პროფილი, რომლებიც გადაგზავნილ იქნა ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში და შედარდა ეგზგუმირებული ნეშთების გენეტიკურ პროფილებთან.
აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების იდენტიფიცირების პროცესი კვლავ გრძელდება და ბიურო მის დასრულებამდე აქტიურად იქნება ჩართული.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობოსთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მეომართა ხსოვნას.