2016 წლის ივლისის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო საკვალიფიკაციო ტესტირებაში, რომელსაც ორგანიზება გაუწია ევროკავშირის პროექტმა აკრედიტაციის ცენტრთან თანამშრომლობით. ტესტირებაში მონაწილეობა თორმეტმა ლაბორატორიამ მიიღო. აქედან 9 საქართველოს, 3 კი სლოვაკიის ლაბორატორია იყო. საანალიზო ობიექტს წარმოადგენდა რძის ფხვნილის უცნობი ნიმუში, რომელშიც განისაზღვრა ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები.
ტესტირების შედეგად კვების სამმართველომ დაადასტურა მის მიერ მიღებული შედეგების მაღალი სიზუსტე და უტყუარობა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას ღირსეული ადგილი უკავია ევროპის წამყვან ლაბორატორიებს შორის, რაც ექსპერტთა მაღალი კვალიფიკაციის, ბიუროში აპრობირებული მეთოდებისა და გამოყენებული ხელსაწყო-აპარატურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მაჩვენებელია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველო ISO17025-ის მიხედვით აკრედიტირებული ლაბორატორიაა, რომელიც ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტესტირებებში. ბიუროში მიღებული შედეგების გადამოწმება ევროპის წამყვან ლაბორატორიებში მუდმივად ხდება. მიღებული შედეგების მიხედვით ბიურო ყოველთვის წამყვან პოზიციებს იკავებს.