2016 წლის 16 მაისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი თვაური აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის
საერთაშორისო ნარკოტიკების და კანონის აღსრულების (INL) ევროპის და აზიის ბიუროს დირექტორს
ქარი ენავის შეხვდა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატმა
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამედროვედ მოწყობილი ლაბორატორიები დაათვალიერა და ბიუროში დანერგილ სიახლეებს გაეცნო.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო მიმდინარე პროექტებზე
და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წლების განმავლობაში აქტიურად
თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდაცვით
პროგრამასთან, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
ბიუროს განვითარებაში. INL-ის დაფინანსებით
გარემონტდა და აღიჭურვა ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი და პირველი დნმ
ლაბორატორია. მათი დახმარებით ბიურომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა:
მათ შორის ბიუროს შენობების და ლაბორატორიების რეაბილიტაცია, მათი აღჭურვა და თანამშრომლების
პროფესიული გადამზადება.
INL-ის მხარდაჭერით ბიუროში დაინერგა ხარისხის სისტემა საექსპერტო-კვლევითი
საქმიანობისთვის, რომლის საფუძველზეც ბიურომ მიიღო აკრედიტაცია საერთაშორისო სტანდარტის
ISO 17025-ის მოთხოვნების შესაბამისად. რეგიონის მასშტაბით ბიურო ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიურო INL-თან აქტიურ თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.