Image2011 წლის 9 დეკემბერს, საოჯახო სამართლებრივი საკითხების მარეგულირებელ სამართლის ნორმაში შეტანილი ცვლილებების მეშვეობით, შესაძლებელი გახდა პირის ბავშვის მამად აღიარება, ან უარყოფა მხოლოდ გენეტიკური ანალიზის ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პირს ბავშვის მამად აღიარებს, ან პირიქით მის მამობას უარყოფს მხოლოდ დნმ-ტესტის, ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით.

თემაზე სასაუბროდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსს, გენეტიკის დოქტორს ნინო ყოჩიაშვილს დავუკავშირდით:

– სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ზრდასრულ ადამიანსა და მის სავარაუდო შვილს შორის ბიოლოგიური კავშირის დადგენა საქართველოში, მხოლოდ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ხდება, რომელიც აკრედიტებული სახელმწიფო დაწესებულება გახლავთ. რაც შეეხება მომართვიანობას, საკმაოდ ხშირია. თვეში, საშუალოდ, სამი-ოთხი და ზოგჯერ მეტი განჩინება მოდის. დაახლოებით, ამდენივეა გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით კერძო პირების მომართვიანობაც.

– თქვენი აზრით, რა არის ასეთი გახშირებული მომართვიანობის მიზეზი? რატომ ითხოვენ ადამიანები გენეტიკური კავშირების დადგენას?

– ჩემი, როგორც მოქალაქის, სუბიექტური აზრია, რომ ეს, პირველ რიგში, სოციალური პრობლემებია. დაუგეგმავი ქორწინებები ან ურთიერთობები, რომლის შედეგად, ბავშვი ჩნდება, მაგრამ ეს ექსპერტიზასთან კავშირში არ არის. ამის მიზეზებზე უნდა ისაუბრონ იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც მარტოხელა დედებთან მუშაობენ.

– როგორია სტატისტიკური მონაცემები? წინა წლებთან შედარებით, ასეთი მომართვების რაოდენობამ იკლო თუ იმატა?

– იმატა მარტივი მიზეზის გამო – ექსპერტიზა ხალხისთვის უფრო ცნობადი გახდა, შესაბამისად, თუ წლების ქრონოლოგიას გადავხედავთ, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით, მზარდი მაჩვენებელი გვაქვს. მომართვიანობის გაზრდას ხელი შეუწყო იმანაც, რომ საქართველოს პარლამენტმა გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც, ბიოლოგიური დავის საკითხი გენეტიკური ექსპერტიზით უნდა გადაწყდეს. შესაბამისად, თუ შევადარებთ ჩვენი საექსპერტო კვლევების დაწყების მაჩვენებლებსა და დღევანდელ მაჩვენებლებს, რა თქმა უნდა, ამ მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად მოიმატა.

– მომართვა მამაკაცების მხრიდან უფრო ხშირია თუ ქალების?

– ორივე მხრიდან თანაბრადაა. სასამართლოს უმეტესწილად ქალბატონები მიმართავენ, მაგრამ კერძო დაკვეთები, უმეტესად, მამებისგან მოდის.

– სავარაუდოდ, გენეტიკურ ექსპერტიზაზე მომართვიანობა უფრო მაღალი იქნებოდა, ფასი რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს.

– გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება 1600 ლარი ღირს და ეს მთავრობის დადგენილი ტარიფია. მეტსაც გეტყვით, რამდენიმე წლის წინათ, 4600 ლარიც ღირდა, მაგრამ უცხოურ კომპანიებთან უშუალო კონტაქტზე გასვლის შემდეგ, რეაქტივებს პირდაპირ ვყიდულობთ. ეს არ არის მომგებიანი ექსპერტიზა, რადგან რეაქტივის თვითღირებულება საკმაოდ მაღალია, ამიტომ 1600 ლარად ჩვენ ვიკვლევთ სამივე პირს: დედას, შვილს და სავარაუდო მამას.

– რომელი ბიოლოგიური მასალისგან კეთდება გენეტიკური ექსპერტიზა?

– ნერწყვი უმტკივნეულო და ყველაზე საუკეთესო ნიმუშია, თუმცა ექსპერტიზა ასეთივე წარმატებით შეიძლება ჩატარდეს სისხლზე, ბოლქვიან თმაზე და ნებისმიერ სხვა ბიოლოგიური მასალაზე. ადამიანებში ანალიზი მხოლოდ სისხლთან არის ასოცირებული, ამიტომ ხდება ხოლმე, რომ შემკვეთი კატეგორიულად სისხლის ანალიზს ითხოვს. მათი მოთხოვნის საფუძველზე, შეგვიძლია ანალიზი სისხლიდანაც გავაკეთოთ, თუმცა გაიდლაინებითა და საერთაშორისო რეკომენდაციებით ასეთი ტიპის უმტკივნეულო პროცედურა მხოლოდ ნერწყვია.

– რამდენად დაცულია კონფიდენციალურობა მსგავსი ტიპის კვლევების ჩატარებისას?

– ჩვენ ვალდებულები ვართ, კონფიდენციალურობა დავიცვათ. სასამართლოს განჩინების შემთხვევაში, ადამიანები პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით მოდიან. იგივე ხდება, როცა ჩვენთან ექსპერტიზის ჩასატარებლად მოდის წყვილი. ამასთანავე, ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად უნდა იყოს დე იურე მშობელი იმისთვის, რომ გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარების უფლება ჰქონდეს. კერძო პირს შეუძლია ვინაობის დაფარვა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ვთავაზობთ, რომ თვითონ მოიტანოს ბიოლოგიური ნიმუშები. ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეზეა, ვინც ეს ნიმუშები მოიტანა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მოქალაქესთან მიმართებაში ყოველი კითხვის ნიშანი მოწმდება ჩვენი იურიდიული სამმართველოს თანამშრომლების მიერ და მათი საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე კეთდება გენეტიკური ექსპერტიზა.

– როგორ ხვდებიან საკუთარ მამობაში დარწმუნებული მამაკაცები ცნობას იმის შესახებ, რომ ბიოლოგიური მშობლები არ არიან და მოჰყოლია თუ არა ამ ტიპის ექსპერტიზას სკანდალები და საქმის გარჩევები?

– ეს ინფორმაცია ჩვენამდე არ მოდის, მაგრამ ვიცი, რომ ბიუროში მსგავსი გახმაურებული ექსცესები არ ყოფილა. ზოგადად, ჩვენი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდო მამები უმეტესად ბიოლოგიური მამები არიან. სხვა შემთხვევებიც არსებობს, თუმცა, პროცენტულად ნაკლებია, ვიდრე პირველი.

– არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ექსპერტიზამ არასწორი დასკვნა გამოიტანოს?

– გამორიცხულია. საექსპერტო კვლევის დროს შეცდომა არ უნდა მოხდეს, რადგან ექსპერტიზას ასრულებს ორი კვალიფიციური ექსპერტი, რომლებიც ერთმანეთს ამოწმებენ. ორივე ექსპერტი თანაბრად არის პასუხისმგებელი შედეგზე, რასაც ისინი იღებენ და საექსპერტო კვლევის დროს, თუკი რაიმე პრობლემატური საკითხი წამოიჭრა, აუცილებლად მოხდება გადამოწმება. მეცხრე წელია, რაც საექსპერტო საქმიანობას ვეწევით და ამ ხნის განმავლობაში შეცდომა არასოდეს მოგვსვლია.

– თუმცა, თქვენ მიერ გაცემული დასკვნები, გადამოწმების მიზნით, საზღვარგარეთ ბევრს წაუღია.

– ძალიან ბევრს წაუღია, მაგრამ არც ერთხელ ჩვენი დასკვნისგან განსხვავებული პასუხი არ მოსულა. დნმ არ გახლავთ ჰემოგლობინის ანალიზი, რომ დაბალი იყოს და რკინის პრეპარატის მიღების შედეგად, აიწიოს. დნმ-ის ანალიზი მუდმივი და ერთადერთია ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში და ჩვენი გარდაცვალების შემდეგაც. ასე რომ არ იყოს, მაშინ გენეტიკურ ექსპერტიზას, როგორც ერთ-ერთ საიდენტიფიკაციო მარკერს, აზრი არ ექნებოდა. გარდა ამისა, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გახლავთ აკრედიტებული ორგანო, რაც ნიშნავს, რომ ყოველწლიურად გადის საერთაშორისო ტესტირებებს. ჩვენთან დაცულია სერტიფიკატები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ყველა კვალიფიციური ტესტი ჩატარებულია მაქსიმალური შედეგით. ასე რომ, უამრავი ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ ლაბორატორიამ თავისი მუშაობა გადაამოწმოს და ამას აკრედიტაციაც გვავალდებულებს.