2014 წლის 10-16 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი პაატა თუშურაშვილი, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან სიმონიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების და ხარისხის კონტროლის სამმართველოს თანამშრომელი უჩა მარგველაშვილი ოფიციალური მიწვევით ყირგიზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრნენ.საქართველოს ექსპერტიზის ბიურო რეგიონის მასშტაბით ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა, რომელიც უახლესი მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ფუნქციონირებს, სწორედ ამ მიზნით გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისმა (UNODC) არჩევანი საქართველოზე შეაჩერა და ყირგიზეთის რესპუბლიკაში ქართველი ექსპერტები მიიწვია, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას ადგილობრივ კოლეგებს გაუზიარებენ და მათ ყირგიზეთში არსებული ექსპერტიზის ცენტრის განვითარებაში დაეხმარებიან.
ბიუროს წარმომადგენლები ქ. ბიშკეკში ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ იმ კონკრეტულ მიმართულებებზე როგორიცაა: ინფრასტრუქტურის განვითარება, კანონმდებლობა და პროცედურები, ხარისხის მენეჯმენტი, პერსონალის პროფესიული განვითარება, კოორდინაცია და თანამშრომლობის მექანიზმები.
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისი (UNODC) ყირგიზეთის რესპუბლიკაში მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებს, სწორედ მის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილია აქტიური ორმხრივი თანამშრომლობა.