2014 წლის 19 ივნისს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი თვაური, ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის მაგისტრანტებს შეხვდა.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო რეგიონის მასშტაბით ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა, ზოგიერთ სფეროში წამყვან პოზიციას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორისაც ინარჩუნებს.
ექსპერტიზის ბიურო მუდმივად განვითარების პროცესშია, აქ ყოველდღიურად ინერგება მსოფლიოს საექსპერტო სფეროში გავრცელებული უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდიკები, სწორედ ამ ნიშნით გახლავთ ბიურო სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ს სრული წევრი.
ექსპერტიზის ბიუროსთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა კადრების აღზრდა. ამ მიზნით 19 ივნისის შეხვედრაზე ბიუროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს ექსკლუზიურად მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილ სტაჟირებაზე, რომელიც 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ექსპერტიზის ბიუროში გაიღრმავონ პრაქტიკული ცოდნა კონკრეტულ სპეციალობებში და მიიღონ გამოცდილება ბიუროს კვალიფიციური ექსპერტებისგან.
სტაჟირება ცხადდება შემდეგ დეპარტამენტებში:
• კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი (ავტოტექნიკური, ფონოსკოპიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური ექპერტიზა).
• საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტი (საინჟინრო ექსპერტიზა, სამშენებლო ექსპერტიზა).
• ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, ნავთობ-პროდუქტების ექსპერტიზა).
• ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი.
• სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი.
• საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტი (ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორი; ინფორმაციული ტექნოლოგიები).
წლის ბოლოს, საუკეთესო სტაჟიორებს ექსპერტიზის ბიურო შრომით ხელშეკრულებას გაუფორმებს.
ინფორმაცია სტაჟირების შესარჩევი კონკურსის თაობაზე გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე Hr.gov.ge.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მუდმივად ზრუნავს ახალგაზრდა კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.