Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი თვაური ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ყოველწლიურ შეხვედრაზე იმყოფება. ENFSI-ის შეხვედრას ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ხარისხის კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უჩა მარგველაშვილიც ესწრება.

ბრატისლავაში გამართულ სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ყოველწლიურ ბიზნეს შეხვედრაზე განიხილება ENFSI-ს მომავალი განვითარების სამოქმედო გეგმა, მოეწყობა განხორციელებული პროექტებისა და საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია.

საერთაშორისო შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის საბიუჯეტო და დაფინანსების საკითხებზეც.

სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ის სამუშაო შეხვედრას ევროპის 36 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. მათ შორის საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უკვე 3 წელია რაც ამ ავტორიტეტული ევროპული ორგანიზაციის სრული წევრია.

ENFSI-ის დაწესებულების მთავარი მიზანია განავითაროს სასამართლო ექსპერტიზის სფერო და მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველყოს სასამართლო ექსპერტიზის კვლევის ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აქტიურად არის ჩართული ევროპული ქსელის საქმიანობაში.

ENFSI-ის შეხვედრა მიმდინარე წლის 21 მაისიდან 24 მაისამდე გაგრძელდება.