2014 წლის 19 მაისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ახალი მიტოქონდრიული დნმ ლაბორატორია გაიხსნა.ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში ლაბორატორიის ოფიციალურ გახსნას ბიუროს უფროსი გიორგი თვაური, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.
მოწვეულ სტუმრებს შორის საქართველოს მთავარი პროკურატურის და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებიც იყვნენ.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ერთ-ერთ წამყვან დარგს დნმ ექსპერტიზა წარმოადგენს. ბიუროს დნმ ლაბორატორია მსოფლიოში წამყვანი უახლესი აპარატურით აღიჭურვა.
ბიუროს დნმ ლაბორატორია ერთადერთი და უნიკალურია მთელი რეგიონის მასშტაბით.
2014 წელს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტს მიტოქონდრიული დნმ-ის ანალიზის ახალი ლაბორატორია დაემატა, რაც კიდევ უფრო გააფართოებს ბიუროს კვლევის სფეროს.
ახალი ლაბორატორიის საშუალებით ექსპერტებს ეძლევათ შესაძლებლობა უკვე მიმდინარე ექსპერტიზებთან ერთად ჩაატარონ ისეთი სახის ახალი ექსპერტიზები, როგორიცაა ხანდაზმული და დეგრადირებული მასალიდან დნმ-ის მიღება და იდენტიფიკაცია. ასევე მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაადგინონ დედის ხაზით ნათესაური კავშირი, შესადარებელი პირის ან მისი ნიმუშის არსებობის შემთხვევაში კი მოჭრილი ან მოწყვეტილი თმით მოახდინონ პირის იდენტიფიკაცია, რაც მანამდე შეუძლებელი იყო. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ბიუროს დნმ ლაბორატორია აქტიურად არის ჩართული ბაბუშერასა და გუმისთაზე დაღუპული მებრძოლების იდენტიფიკაციის პროცესში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღემდე არსებულმა ბირთვული დნმ-ის ლაბორატორიამ მოახდინა 2008 წლის ომის დროს ამოუცნობ ჯარისკაცთა იდენტიფიკაცია.
ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური და გამოცდილი პერსონალით. ექსპერტების მუშაობის პრინციპები მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებზეა დამყარებული.
დნმ-ის განახლებულ ლაბორატორიაში, მოქმედი მაღალტექნოლოგიური აპარატურის და კვალიფიციური ექსპერტებით, საქართველო უერთდება იმ მცირერიცხოვან ევროპულ ქვეყნებს, სადაც მიტოქონდრიული დნმ ლაბორატორიები ფუნქციონირებს.
მიტოქონდრიული დნმ ანალიზის დანერგვით, აღნიშნული სფერო კიდევ უფრო გააფართოვებს ბიუროს საექსპერტო მომსახურებას.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დნმ ლაბორატორია იძლევა საშუალებას, კვლევები ჩატარდეს ხარისხიანად, მაღალი სტანდარტით და რაც ყველაზე მთავარია სწრაფად და ეფექტურად.