სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საზოგადოებისთვის საინტერესო სხვადასხვა სახის ექსპერტიზებთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნავთობპროდუქტების ექსპერტიზას. ბიუროში ნავთობპროდუქტების ექსპერტიზა რამდენიმე წელია ხორციელდება, თუმცა გასული წლის ბოლოდან ნავთობპროდუქტების განახლებულმა ლაბორატორიამ, მნიშვნელოვნად ეფექტური, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გახადა როგორც ლაბორატორიის საქმიანობა, ასევე მომხმარებელთან ურთიერთობა.ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის ლაბორატორიის საქმიანობა მოიცავს ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის თითქმის ყველა სფეროს და უნიკალურია ამ თვალსაზრისით რეგიონში. ნავთობპროდუქტების ლაბორატორიაში ხარისხის დადგენის მიზნით შესაძლებელია ანალიზის ჩატარება ნედლ და სასაქონლო ნავთობზე, საავტომობილო და რეაქტიულ საწვავზე, დიზელზე, სხვადასხვა დანიშნულების ახალ და ნამუშევარ ზეთებზე, საცხის-საპოხ მასალებზე, ბიტუმზე, ქვანახშირზე, სხვა დანარჩენ თხევად/მყარ ნავთობპროდუქტზე, ლიალურ წყლებზე და ნავთობშლამებზე. ლაბორატორიაში აგრეთვე შესაძლებელია წყლის და ნიადაგის ნავთობპროდუქტებით დაბინძურების ხარისხის დადგენა, საგან-მატარებელზე (ხანძრის, უბედური შემთხვევის დროს ამოღებულ ნივთმტკიცებულებზე და ა.შ) ნავთობპროდუქტების კვალის აღმოჩენა და მათი ჯგუფურ-გვარობრივი კუთვნილების დადგენა.
ლაბორატორია სრულად უზრუნველყოფს ნიმუშის აღებიდან დასკვნის გაცემამდე ყველა პროცედურას. ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, რასაც ადასტურებს მიღებული შედეგების სიზუსტე და განმეორებადობა. ბიურო ზრუნავს თითეული თანამშრომლის კვალიფიკაციის ამაღლებაზე სწავლების უწყვეტი პროცესით და ტრენინგებით ადგილზე ან უცხოეთში. ლაბორატორია მუდმივად აახლებს თავის ბიბლიოთეკას, აქტუალიზაციას უკეთებს სტანდარტული მეთოდიკების ბაზას.
2013 წელს ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის ლაბორატორია მთლიანად იქნა რეკონსტრუიერებული საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს მომუშავე პერსონალისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას, მუდმივ ვენტილაციას და ტემპერატურა/ტენიანობის კონტროლს. ლაბორატორია დაკომპლექტებულია მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლების მიერ მოწოდებული ხელსაწყო-დანადგარებით, რაც საშუალებას იძლევა ავტომატურ რეჟიმში განისაზღვროს ნავთობპროდუქტების საექსპლუატაციო თუ ხარისხობრივი მაჩვენებლები დაბალი მგრძნობელობით და მაღალი სიზუსტით გაზომვის ფართო დიაპაზონში.
ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარების საშუალებით ლაბორატორიაში შესაძლებელია ჩატარდეს ისეთი სახის ექსპერტიზები, როგორიცაა საავტომობილო ძრავის ზეთებში დინამიკური სიბლანტის განსაზღვრა როგორც უარყოფით ტემპერატურებზე, ასევე მაღალი ძვრადობის და მაღალი ტემპერატურის პირობებში, რაც განსაკუთრებით აქტუალურია და აუცილებელია ზამთრის და ყველასეზონური ძრავის ზეთებისთვის SAE J300 კლასიფიკაციის მისანიჭებლად. ასევე შესაძლებელია ზეთების აქაფებისადმი მიდრეკილების განსაზღვრა, ბენზინებში ინდუქციის პერიოდის, ხოლო დიზელებში და ზეთებში, ასევე საცხის-საპოხ მასალებში ჟანგვითი და თერმული სტაბილობის დადგენა, ასევე გამჭვირვალე და გაუმჭვირვალე სითხეების და ზეთების კინემატიკური სიბლანტის გაზომვა ერთდროულად ორ განსხვავებულ ტემპერატურაზე დროის უმცირეს მონაკვეთში. ერთ ღილაკზე დაჭერის პრინციპით ერთ ხელსაწყოზეა შესაძლებელი ნავთობპროდუქტებში ტუტე და მჟავური რიცხვის, მერკაპტანული გოგირდის და ორგანული ქლორის განსაზღვრა. თანამედროვე დანადგარების მეშვეობითაა ასევე შესაძლებელი ნავთობპროდუქტების ფეთქების ტემპერატურის და აალების განსაზღვრა, მძიმე და ნარჩენი ნავთობპროდუქტების ფრაქციული შემადგენლობის განსაზღვრა, ნავთობპროდუქტების და სითხეების სიმკვრივის გაზომვა, რამდენად უძლებს საცხის-საპოხი მასალა კრიტიკულ დატვირთვას მკაცრ პირობებში და სხვა.
ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის ლაბორატორია ამჟამად ერთადერთი ლაბორატორიაა საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს ბიტუმის ხარისხის შემოწმებას დადგენილი სტანდარტებით. ლაბორატორიაში ისაზღვრება საგზაო თუ სამშენებლო ბიტუმებისათვის პენეტრაცია, დუქტილება, დარბილების და ფეთქების ტემპერატურები. გარდა ამისა, მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე იგეგმება სხვა ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა და ახალი მეთოდების დანერგვა.
ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს მიზანია სწრაფი და ეფექტური მომსახურების გაწევა დამკვეთისათვის, რაც მათი კომერციული თუ სხვა გადაწყვეტილებების მიღების საწინდარია.
განახლების და აღჭურვის შემდეგ ნავთობპროდუქტების ლაბორატორიაში დაინერგა ISO/IEC 17025 მოთხოვნები და შეტანილია განაცხადი აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოში აკრედიტაციის მისაღებად.