საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სსიპ. სახელმწიფო სერვისების სააგენტოსთან და სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ურთიერთთანამშრომლობით საბანკო სექტორს კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი შესთავაზა. დღეიდან ქართულ საბანკო სისტემაში მომსახურების ახლი ფორმა - ელექტრონული ხელმოწერა ამოქმედდა. ახალ ინიციატივას პროკრედიტ ბანკი შეუერთდა, და ეროვნულ ბანკთან აქტიური თანამშრომლობით პირველმა დანერგა ეს ინოვაციური პროექტი.ელექტრონული ხელმოწერის დანერგვა მნიშვნელოვანია საბანკო ოპერაციების განხორციელებისას მეტი კომფორტისა და სიმარტივის უზრუნველყოფის მიზნით. იგი წრმოადგენს ქაღალდის დოკუმენტზე ხელმოწერის ალტერნატივას, აქვს მატერიალურ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა და ბანკსა და კლიენტს შორის წარმოშობს იდენტურ უფლება-მოვალეობას.
სსიპ.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული პროექტის განხორციელებაში და გამოთქვამს მზადყოფნას სადავო საკითხის წარმოშობის შემთხვევაში, რაც შეიძლება ექსპერტიზის საფუძველი გახდეს, ნებისმიერი მხარის მომართვის დროს (ბანკი, საგამოძიებო ორგანო თუ ბანკის კლიენტი), ჩაატაროს ელექტრონული ხელმოწერის შესაბამისი ექსპერტიზა და მოახდინოს ხელმომწერი პირის იდენტიფიცირება.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს ხელწერის ექსპერტიზა, რომლის ფარგლებშიც, ახალი მეთოდიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ტენიკური საშუალების გამოყენებით, ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შესწავლით, შესაძლებელი იქნება ელექტრონული ხელმოწერის გამოკვლევა და ექსპერტიზის დასკვნის მომზადება. აღნიშნული ექსპერტიზა ისეთ სიახლეს წარმოადგენს, რომლის შესრულებაც საქართველოს მასშტაბით ამ დროისათვის მხოლოდ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია შესაძლებელი.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი დარგის ექსპერტებმა გაიარეს ელექტრონული ხელმოწერის კვლევასთან დაკავშირებული ტრენინგები, ხოლო ახლო მომავალში აღნიშნული დარგის უცხოელი სპეციალისტები უკვე თბილისში ჩაატარებენ ტრენინგის, სადაც განხილული იქნება ელექტრონული ხელმოწერის ექსპერტიზასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომავალშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ ინოვაციურ პროექტებში, რათა მაქსიმალურად მარტივი და ადვილად მისაღები გახდეს მომხმარებლისთვის სასურველი მომსახურება.