სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტებისთვის ჩეხური კომპანია „Lucia" -ს წარმომადგენელი, ინჟინერი მიხალ მალუ ტრენინგს ატარებს.ტრენინგი მსოფლიოში წამყვანი ჩეხური კომპანია „Lucia"-ს მიერ შექმნილ ბალისტიკური კვლევებისთვის განკუთვნილ ულტრათანამედროვე კომპლექს „Balscan"-ის სისტემასთან მუშაობის სპეციფიკას შეეხება. ტრენინგი სამ დღიანია და მისი დასრულების შემდეგ ექსპერტებს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.
„Balscan"-ის სისტემა წარმოადგენს ბალისტიკური ექსპერტიზის კვლევებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა მეთოდების უნივერსალურ ერთობლიობას. სპეციალური სკანერის მეშვეობით შესაძლებელია ბალისტიკური ობიექტების (მასრები, ტყვიები) დასკანირება, 3D განზომილებაში გადაყვანა და კვლევისათვის საინტერესო მონაკვეთების, სხვადასხვა კუთხით წარმოდგენა, რათა მიღებულ იქნეს მაღალი გარჩევადობისა და დეტალიზაციის სურათი. პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით შესაძლებელია სკანირებული ორი ობიექტის ურთიერთ შეთავსება და გარკვეული შედარებითი ანალიზის ჩატარება.
სკანერის მეშვეობით ასევე შესაძლებელია შეიქმნას ელექტრონული ბაზა, სადაც განთავსდება და დაარქივდება ნებისმიერი საკვლევი ობიექტი (მასრა, ტყვია).
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მუდმივად ახორციელებს ლაბორატორიების უახლესი და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვას. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ბიუროში მომუშავე ექსპერტების გადამზადებას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოში წამყვან საექსპერტო დაწესებულებებში.
ულტრათანამედროვე აპარატურა და პროფესიონალი ექსპერტები შესაძლებლობას გვაძლევს შევინარჩუნოთ პირველობა საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით.