2014 წლის 3 თებერვლიდან 7 თებერვლის ჩათვლით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტები ქეთევან ქართველიშვილი და ვერა ოკუნევა სლოვენიის ქალაქ ლუბლიანაში გამართულ ტრენინგს „ხანდაზმული ჩონჩხის ნაშთების დამუშავება და დნმ ტიპირება" დაესწრებიან.„ჩონჩხის ხანდაზმული ნაშთების დამუშავებისა და ძვლის დნმ ტიპირების" კურსი ლუბლიანას უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიის ორგანიზებით ტარდება და მასში ქართველ ექსპერტებთან ერთად, მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნების კვალიფიციური ექსპერტები იღებენ მონაწილეობას.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დნმ ექსპერტები აღნიშნულ კურსს მოლეკულურ გენეტიკაში, სპეციალურად აღჭურვილ ლაბორატორიაში გაივლიან. საექსპერტო კურსი პრაქტიკული სამუშაოებით უნიკალურია. ტრენინგის ფარგლებში ექსპერტები პერსონალურად მოახდენენ დნმ-ის ექსტრაქციას და გენეტიკურ ტიპირებას ხანდაზმული ძვლის ნიმუშებიდან.
აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულ ნიმუშებთან მუშაობის გამოცდილების მქონე უცხოელი ექსპერტების ცოდნის გაზიარება ქართველ ექსპერტებს დაეხმარება ნივთმტკიცების სახით წარმოდგენილი მსგავსი ტიპის ნიმუშების კვლევის პროცესში.
ბიუროს ექსპერტები უცხოეთში მიღებულ ცოდნასა და ახლად ათვისებულ მოლეკულურ მეთოდს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დნმ ლაბორატორიაში ყოველდღიურ საექსპერტო საქმიანობაში გამოიყენებენ.