Image2014 წლის 22-25 აპრილს პირველად საქართველოში გაიმართება ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ქსელის ENFSI-ს დნმ სამუშაო ჯგუფის საერთაშორისო შეხვედრა.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, როგორც ENFSI-ს სრულუფლებიანი წევრი არის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი საქართველოში.

შეხვედრისთვის მზადება ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე დაწყებულია. სპეციალურად კონფერენციისთვის შეიქმნა ვებ-გვერდი და facebook -ის გვერდი ინგლისურ ენაზე, სადაც ყველა ინფორმაციაა განთავსებული, როგორც კონფერენციის შესახებ, ასევე მასპინძელი ქვეყნის, ორგანიზაციისა და მონაწილეების შესახებ.  მიმდინარეობს ელექტრონული რეგისტრაცია, რომელშიც ჩართვა ENFSI-ს წევრებისთვის არის შესაძლებელი.

თბილისში საერთაშორისო კონფერენციას ევროპის 35 ქვეყნის 50 საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენელი დაესწრება. გარდა ევროპელი პროფესიონალებისა, კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კოლეგები აშშ-დან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან და სხვა არაევროპული ქვეყნებიდანაც.

საერთაშორისო დნმ კონფერენციის მიზანია ENFSI-ს წევრებმა ერთმანეთს  გაუზიარონ გამოცდილება, გააცნონ ამ სფეროში უახლესი სამეცნიერო ინფორმაცია თანამედროვე ტექნიკური განვითარების, დნმ-ის კვლევის ახალი მეთოდებისა  და დანერგვის შესახებ. კონფერენციის ფარგლებში მოხდება თანამედროვე გაიდლაინებისა და რეკომენდაციების შემუშავება დნმ კვლევის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება საინტერესო კრიმინალური შემთხვევები, სადაც დნმ-ის კვლევამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დანაშაულის გახსნაში. შეხვედრაზე მოხდება სასამართლო გენეტიკაში ახალი მეთოდების გაცნობა და შეჯამება, ასევე გამოკითხვების შედეგების გაანალიზება და პრობლემატურ საკითხებზე დისკუსია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კონფერენციაზე გამოფენის სახით მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლები  დნმ კვლევის მიმართულებით უახლესი პროდუქციისა და ტექნოლოგიების დემონსტრირებას მოახდენენ.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები ევროპის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ქსელის შეხვედრებს მუდმივად ესწრებიან. შეხვედრებში მონაწილეობის მიღება საერთაშორისო გამოცდილების გაცნობისთვის და გაზიარებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია ბიუროს საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ფუნქციონირებისთვის.

კონფერენციის მიმდინარეობისას ასევე მოეწყობა CODIS  (აშშ გამოძიების ფედერალური ბიუროს დნმ მონაცემთა ბაზის პროგრამა) და EDNAP (დნმ-ის პროფილირების ევროპული ჯგუფი ) სამუშაო ჯგუფის შეხვედრები.

საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, როგორც საექსპერტო და სამეცნიერო, ისე ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით.