
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე უგზო - უკვლოდ დაკარგული 13 ნეშტის იდენტიფიცირება განხორციელდა.
ქართველ გმირებს 2020 წლის 15 აგვისტოს, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) და ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში აფხაზეთის ომისა და ცხინვალის საომარი მოქმედებების დროს უგზოუკვლოდ დაკარგულთა დნმ - იდენტიფიკაციის მიზნით, მათი ოჯახის წევრებისგან წლების განმავლობაში აღებულ იქნა და დაარქივდა 3780 ბიოლოგიური ნიმუში. მათგან გენოტიპირებულია 3389 ნიმუში, დაღუპული პირების შემდგომი იდენტიფიცირებისთვის.
უგზო - უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიცირების პროცესში ასევე აქტიურად არის ჩართული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი, რომლის ექსპერტები მონაწილეობენ, როგორც ნეშტების ექსჰუმაციის პროცესში, ასევე ლაბორატორიულ სამუშაოებში.